არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უპასუხისმგებლობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სამინისტროს „თბილისის წყლის“ მფლობელ „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედისგან“ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დღემდე არ წარმოუდგენია.
როგორც „მედიანიუსს“ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ განუცხადა, ამ ანგარიშის წარმოდგენა პრივატიზაციის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა იყო. „ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროსა და „მულტიპლექსს“ ერთობლივად უნდა მოემზადებინათ. მისი საშუალებით სახელმწიფოსა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობა უნდა გამიჯნულიყო. რაკიღა ასეთი ანგარიში არ არსებობს, ფაქტობრივად, წყლის დაბინძურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებული შპს „რუსთავწყალკანალის“, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „თბილისის წყლის“ 100 პროცენტიანი წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების ანგარიშს, რომლის მოპოვებასაც, ჩვენ ერთი წელია, უშედეგოდ ვცდილობთ. პრეზიდენტის განკარგულებით, კომპანია „თბილისის წყალს“ საწარმოები გადაეცა მთელი რიგი პირობებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“, _ განაცხადა გუჯარაიძემ.
მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიების განკერძოებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება _ გასაიდუმლოებულია თავად შპს „რუსთავწყალკანალის, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „თბილისის წყალის“ 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტიც. 2009 წლის მაისში „მწვანე ალტერნატივამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ხელშეკრულების გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უკვე ხუთი სხდომა შედგა, სასამართლო ვერ იწყებს საკითხის არსებით განხილვას იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა პროცესში შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ ჩართვა _ კომპანია არ არის საქართველოში რეგისტრირებული, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მიწოდებულ მისამართზე კი, კომპანია უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს; სხვა საკონტაქტო ინფორმაცია სამინისტროში არ მოიპოვება.
ორგანიზაციის ბრალდებებს დღესვე ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტროს სახელშეკრულებო დავალებათა მონიტორინგის დეპარტამენტის განცხადებით, თუკი დოკუმენტში გარემოს დაცვითი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება დევს, მას აუცილებლად მოითხოვენ და და თუ კომპანია მას არ წარადგენს, მასთან ხელშეკრულება გადაიხდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი 10 მარტს, 11.00. საათზე დაიწყება.



