საჯარო სკოლებში პედაგოგთა შემცირებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 75 000 მასწავლებლიდან 25 000 პედაგოგის გათავისუფლება იგეგმება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, რამდენად კანონიერია მასწავლებელთა სამსახურიდან გათავისუფლება, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მანანა ღურჭუმელიძეს ესაუბრა.
_ ქალბატონო მანანა, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო სკოლებიდან რამდენიმე ათეული ათასი პედაგოგის გათავისუფლება იგეგმება?
_ ზუსტ მონაცემებს გეტყვით: რუსთავში სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია დაახლოებით 800-მდე მასწავლებელი, თბილისში კი, 3000 ათაზე მეტი, საბოლოო ჯამში კი, მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ათასი მასწავლებლის გაშვება იგეგმება. საქართველოში სულ 75 ათასამდე პედაგოგია, ანუ მასწავლებელთა ერთ მესამედს ათავისუფლებენ, თანაც კანონდარღვევით, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე იმის გაუთვალისწინებლად, როგორია მათი კვალიფიკაცია. ასევე უშვებენ საპენსიო ასაკის გამო. ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, რადგან მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არის და მათთვის ასაკობრივი ზღვარი კანონით დადგენილი არ არის. თუ შრომის უნარიანია, არავის აქვს უფლება, ის სამსახურიდან დაითხოვოს. სამწუხაროა, რომ ამას არ აღიარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენ გვარები შეგვიძლია დავასახელოთ, რომელი სკოლიდან რომელი პედაგოგის გაათავისუფლეს.
_ მოდით, რეალურად შევაფასოთ. სკოლებში შტატები ხელოვნურად გაზრდილი არ არის?
_ მასწავლებლის შტატი როგორ იქნება გაზრდილი? ის საათები ხომ ვიღაცამ უნდა ჩაატაროს?. არსებობს 2005 წელს მინისტრის მიერ გამოცემული #576 ბრძანება. ამ ბრძანებულებაში გაწერილია, როგორ შეიძლება იყოს მასწავლებლების საათობრივი დატვირთვა. იქ წერია, რომ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს საშუალო 18 საათი, ასევე საშუალოზე ნაკლები და მეტი. პედაგოგს შეუძლია სკოლაში ერთი საათიც ასწავლოს. მისი გათავისუფლებით სკოლის ბიუჯეტს არანაირი შეღავათი არ აქვს. ერთადერთი არის ის, რომ ეს მასწავლებელი სოციალურად დაუცველი რჩება და აღარ მიიღებს იმ ვაუჩერებს, რომელიც პედაგოგებს ეძლევათ. რა მნიშვნელობა აქვს, ის საათი ვიღაცამ ხომ უნდა ჩაატაროს და მან მაინც ხომ უნდა აიღოს ხელფასი?. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადმინისტრაციის პერსონალზე, იქ რეალურად ხშირად არის გაზრდილი შტატები. ამის გამო ზოგიერთი დირექტორი დასაჭერიც კია. მაგრამ ვერ დავეთანხმებით, რომ სკოლაში არ უნდა იყოს ბიბლიოთეკარი, ფსიქოლოგი, მებაღე და სხვა საჭირო მომსახურე პერსონალი. აღარაფერს ვამბობ პედაგოგებზე.
_ განათლების სამინისტროს მოტივაცია რა არის? რითი იმართლებს თავს?
_ მასწავლებვლების საშუალო ხელფასი დაახლოებით 200 ლარამდეა. სამინისტროს მოტივაცია არის ის, რომ ამ გამოთავისუფლებული ფულით სკოლებში მანდატურების შეყვანა სურთ. ასევე სათვალთვალო კამერების დაყენებას აპირებენ. ფსიქოლოგების, ბიბლიოთეკარების და მასწავლებლების მაგივრად ურჩევნიათ სკოლაში მანდატურები იყვნენ.
_ შესაძლოა თუ არა რაიმე გზით ეს შემცირება თავიდან იქნას არიდებული? კონკრეტულად თქვენი ორგანიზაცია რას აპირებს?
_ გათავისუფლებულ მასწავლებლებს ეუბნებიან, არ მიხვიდეთ პროფკავშირებში ან სხვაგან არ გააპროტესტოთ და სექტემბრიდან სხვა სამსახურებს მოგიძებნითო. ალბათ, ფიქრობენ, სექტემბრამდე ისეთ პრობლემას შეგვიქმნიან, რომ მასწავლებლებისთვის ვეღარ მოვიცლით. მათ გასაგონად ვამბობთ, რაც არ უნდა გაგვიკეთონ, თითოეული მასწავლებლისთვის მოვიცლით და აქ თუ არა, სტრასბურგში მაინც შევიტანთ საჩივარს. საპროტესტო აქციების გამართვასაც ვგეგმავთ. მივმართვათ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ყველა გზას გამოვიყენებთ ჩვენი მასწავლებლების მხარდასაჭერად. ამ შემცირებებს უკვე გამოეხმაურა მსოფლიოს მასწავლებელთა პროფკავშირები, რადგან ჩვენი _ საქართველოს მასწავლებელები მსოფლიოს და ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების წევრები არიან. აღნიშნული ორგანიზაციის დასკვნას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ. ჩვენ მხარში გვიდგას მსოფლიოს უდიდესი პროფკავშირების გაერთიანებები.




