აშშ-ში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტისა და რუსი ჯაშუშების დემონსტრაციულად დაკავების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ამერიკის განცხადებები სულ უფრო ხისტი ხდება. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აშშ სულ უფრო ხშირად ახსენებს. ამასთან, საქართველოში ვიზიტამდე ორი დღით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით განცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს, მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი იქნება. რაზე მიანიშნებს ეს ყოველივე და კონკრეტულად, რა შედეგის მომტანი იქნება ამერიკის ახალი მესიჯები საქართველოსთვის? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ
ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ რაზე მიანიშნებს ჰილარი კლინტონის ბოლოს გაკეთებული განცხადება?
_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან და ჰილარი კლინტონის განცხადებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თვითონ აშშ რწმუნდება განტვირთვის პოლიტიკის უშედეგობაში. აშშ-ს ამ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით შედეგი არ მოაქვს, რადგან რუსეთი ისევ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას აგრძელებს. ამიტომ შეერთებული შტატების მოლოდინი არ გამართლდა. ეს ეხება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში მხარს უჭერს სანქციების შემოღებას, მაგრამ ამავე დროს, ირანს აწვდის სარაკეტო სისტემებს.Aანდა, იგივე ავღანეთთან დაკავშირებით, რეალურად არ ხორცილდება რუსეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების გატარება. ამას ემატება პოსტსაბჭოთა სივრცე. რუსეთი აგრძელებს გავლენის სფეროების აღიარებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, აშშ ცვლის პოლიტიკას. ამჟამად გვაქვს ასეთი სურათი: აშშ, ერთი მხრივ, ისევ აგრძელებს დიალოგს რუსეთთან და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობის შესახებ, მეორე მხრივ კი, საქართველოსთან მიმართებაში აფიქსირებს უფრო ხისტ პოზიციას, რადგან რუსეთი ამერიკის კომპრომისებს სისუსტედ აღიქვამს.
_ ჩვენთვის რა შეიცვლება ამით? აღნიშნულ განცხადებებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება?
_ ჩემი აზრით, კონკრეტული ნაბიჯები იქნება ის, რომ უფრო გააქტიურდება დახმარება, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. გარდა ამისა, შეიძლება გააქტიურდეს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა, რათა დაიწყოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში დათმობაზე წავა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გარკვეულ პოზიტიურ საფუძველს ქმნის. პირველ ეტაპზე კი პოზიციების ეს ცვლილება, გამოიწვევს, პირველ რიგში, ამერიკის დახმარების გაქტიურებას სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მომავალში კი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან თანამშრომლობას უნდა ველოდოთ. რუსეთზე აშშ ზეწოლა გაძლიერდება, ოღონდ კრემლთან დიალოგის რეჟიმში. ანუ ამერიკა აგრძნობინებს რუსეთს, რომ ამ ხისტი პოზიციის მიუხედავად, საქართველო არ არის მარტო. ეს გარკვეულწილად რუსეთს იმპერიალისტური ზრახვებისგან ხელს ააღებინებს.




