საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაალ აბაზაძემ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული საყვედური გახდა. სააკაშვილმა აბაზაძე ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის არცოდნის გამო გააკრიტიკა. ამას წინ სამთავრობო ცვლილებები უძღოდა, როცა ოპოზიციამ პრეზიდენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად კი ლადო ვარძელაშვილის დანიშვნისთვის გააკრიტიკა. ოპოზიციას მთავარ არგუმენტად შესაბამის სფეროებში მათი არასათანადო კვალიფიკაცია მოჰყავდა. პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკა კრიტიკის ობიექტი ადრეც ბევრჯერ გამხდარა. რა ნიშნით შეირჩევიან პირები ამა თუ იმ თანამდებობაზე დღევანდელ საქართველოში? _ „მედიანიუსი“ ამ საკითხზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:
_ ბატონო რამაზ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტურისტულ შუა სეზონზე აღმოაჩინა, რომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა არ იცის. ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საკმაოდ ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილ ვერა ქობალიას დანიშვნას. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში მინისტრის თანამდებობებზე პირები მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის გამო ინიშნებიან?
_ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, რომელიც სამი პრეზიდენტის პერიოდად იყოფა, სწორედ ასეთი შენიშვნების ფონზე მიმდინარეობდა. კადრების შერჩევას საყვედურობდნენ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და ახლა _ მიხეილ სააკაშვილსაც. ეს შეიძლება უფრო ზოგადი პრობლემა იყოს, ვიდრე კონკრეტულად რომელიმე ხელისუფალის. ზოგადი პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის პირველ პირს ისეთი გუნდის შეკრება უწევს, რომელიც მისი ერთგული იქნება. ანუ, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, თუ რამდენად ატარებენ აღმასრულებელი სტრუქტურები პირველი პირისგან შეთავაზებულ პოლიტიკას. ასეთი ამოცანის გამო არც თუ იშვიათად პირებს თანამდებობებზე ერთგულების პრინციპით უფრო ირჩევენ, ვიდრე კომპეტენციის.
ედუარდ შევარდნაძეს საყვედურობდნენ, რომ კორუფციულ კადრებს უფრო ირჩევდა, რადგან ამ კორუფციით უფრო „ ეჭირა“ ადამიანები, კერძოდ, მათ ერთგულებას კორუფციისათვის დასჯის შიშით აიძულებსო. ანალოგიურად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ, თავის დროზე, ზვიად გამსახურდია, ახლა კი მიხეილ სააკაშვილი, იძულებით ერთგულების მექანიზმად სწორედ ამა თუ იმ კადრის არაკომპეტენტურობას იყენებს. ადამიანებმა, რომლებიც მინისტრის სავარძლამდე ვერაფრით მიაღწევდნენ, კარგად იციან, რომ ამ სავარძელში ყოფნის ერთადერთი გარანტია პირველი პირისადმი მათი ერთგულებაა. შესაბამის თანამდებობაზე პროფესიონალი რომ დაინიშნოს, ის მიიჩნევს, რომ მისი მინისტრობის გარანტია მისივე პროფესიონალიზმია. ამიტომაც, ასეთი მინისტრი უფრო თამამი და ინიციატივიანი იქნება. როგორც კი ესა თუ ის მინისტრი საკუთარ თავში დარწმუნებული აღმოჩნდა, ისინი ხელისუფლებისგან მართვადნი აღარ აღმოჩნდნენ.
_ ასეთ მინისტრებად ვის გაიხსენებდით?
_ მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილს, სალომე ზურაბიშვილს... ასე რომ, თანამდებობებზე სუსტი ფიგურების, თანამდებობასთან შეუსაბამობით დანიშვნას თავისი ლოგიკა აქვს, რაც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.
_ ზვიად გამსახურდიას საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებანი ოპოზიციამ მის წინააღმდეგ გამოიყენა...
_ ოპოზიციას გამსახურდიასავე დანიშნული კადრები წარმოადგენდნენ. .მის ოპოზიციაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ (უპირველესად, ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას ვგულისხმობ), რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ამ თანამდებობებზე არა ზვიად გამსახურდიამ აირჩია, არამედ იქ პირადი დამსახურების გამო მოხვდნენ. ამიტომაც, ისინი გამსახურდიასთან ურთიერთობაში უფრო გაბედულნი იყვნენ. თუ ამ საკითხს პირველი პირის თვალით შევხედავთ, თანამდებობებზე სუსტი ფიგურების დანიშვნას თავისი ლოგიკა აქვს...
_ ხომ არ გამოიყენებს დღევანდელი ოპოზიცია საააშვილის საკადრო პოლიტიკას მის წინააღმდეგ?
_ ოპოზიციას რამის გამოყენება რომ შეეძლოს, გამოსაყენებლად ბევრი სხვა რამეც აქვს, რომელიც საკადრო პოლიტიკაზე გაცილებით მწვავეა. როცა საუბარი საკადრო პოლიტიკას შეეხება, პრეზიდენტს ყოველთვის შეეძლება იმის თქმა, მიმაჩნდა, რომ ესა თუ ის პირი ამ თანამდებობაზე გამოდგებოდა და შევცდიო.




