პარლამენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მაგისტრალურ გაზსადენს ამოიღებენ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან და სახელმწიფოს მიეცემა საშუალება, აღნიშნული ობიექტის აქციების ნაწილი ლონდონის ბირჟაზე განათავსოს. ამ ინციატივის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის რუსული კომპანიისთვის მიყიდვას გეგმავს. ოპოზიციონერების ეს მოსაზრება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის განცხადებამ გაამყარა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფულს სუნი არ ასდის და თუნდაც ეს რუსული ფული იყოს, შეიძლება იგი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნას გამოყენებული”. აღსანიშნავია, რომ გაზსადენის პრივატიზებაზე საუბარი ჰილარი კლინტონის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველო ამ საკითხს დასავლეთთან ვაჭრობისთვის იყენებს. რაზე მიანიშნებს ყოველივე ეს და რამდენად არსებობს საფრთხე მაგისტრალური გაზსადენი მართლაც რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდეს, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ეკონომიკის ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
_ ძალიან გამიკვირდა, რომ დავით დარჩიაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ბენდუქიძის შპარგალკებით საუბრობდა და გაზსადენის პრივატიზების ლობისტად მოგვევლინა. Fფაქტობრივად, მისი არგუმენტები ძალიან ჰგავდა მილერის, ანუ `გაზპრომის~ არგუმენტაციას, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთისთვის პრინციპული საკითხია არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსების ფლობა, არამედ მთელი ინფრასტრუქტურის კონტროლი, რამაც თეორიულად შეიძლება აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან დააკავშიროს.
მისი ენერგეტიკული გრძელვადიანი სტრატეგია გულისხმობს სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე კონტროლს, რომლითაც შესაძლებელია აღმოსავლეთიდან დასავლეთს მიეწოდოს გაზი, რასაც შემდგომ დასავლურ სამყაროზე და პირველ რიგში, ევროპაზე პოლიტიკური ზეგავლენისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ცენტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსეთისთვის, პირდაპირი თუ ირიბი გზით, ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების შექმნის ჩამოყალიბების პროცესს და შესაბამისად, საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას აკარგვინებს.
ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, გახლავთ ის, რომ დასავლეთისთვის საინტერესო ვართ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, პირველ რიგში კი, გაზის და ნავთობის. და თუ მაგისტრალური გაზსადენი რუსეთის ხელში აღმოჩნდება, დასავლეთის ეკონომიკურ ინტერესი ალტერნატიული ენერგომარშუტების ფორმირების საკითხში, საქართველოს მიმართ საგრძნობლად შესუსტდება. ამიტომ ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ჩვენი პარტნიორების ანუ დასავლეთის სტრატეგიულ გრძელვადიან ინტერესებს საქართველოს მიმართ.
ეჭვი მაქვს, რომ დარჩიაშვილს კარგად ესმის, რაშია საქმე და რატომღაც მაინც ლობირებს გაზსადენის პრივატიზებას მაშინ, როდესაც მთვარობის პირველი პირი _ პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს სრულიად მისაღებ სქემაზე. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საერთოდ პრივატიზება არ შეიძლება, უბრალოდ პრივატიზებას თან უნდა ახლდეს გარკვეული შეზღუდვები, პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით. ენერგეტიკა რომ პოლიტიკაა, დარჩიაშვილის რანგის მქონე ადამიანის მხრიდან ამის ეჭქვეშ დაყენება ჩემთვის ძალიან გასაკვირია. გაზსადენის პრივატიზების დაუშვებლობაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ. სხვათა შორის, წლების განმავლობაში მაგისტრალური მილსადენის პრივატიზების დაუშვებლობაზე საუბრობდნენ ამერიკელებიც. ალბათ, ყველას გახსოვთ, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი გაზსადენის გაყიდვაზე, მაშინ რა განცხადებები გაკეთდა აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.
_ საქართველოს ხელისუფლებას ალბათ კარგად ესმის ეს საფრთხეები და მათი მხრიდან, საერთოდ, ამ საკითხის წამოჭრა დასავლეთისთვის ერთგვარი მესიჯის გაგზავნა ხომ არ არის, რომ თუ დასავლეთი საქართველოს ინტერესებს აქტიურად არ დაიცავს და რუსეთთან მიმართებაში უფრო კატეგორიული არ იქნება, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მატარებელ ქვეყანას დაკარგავს?
_ შესაძლოა, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვაჭრობის თემა არ შეიძლება გახდეს ქვეყნის ნაციონალური ინტერესები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაჭრობა ძალიან სახიფათო თამაშია. თანაც ეს არ არის ის თემა, რომლითაც თამაში შეიძლება. შეიძლება ივაჭრო რაღაც სხვა საკითხებით და არა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებით.
_ საერთოდ, აშშ რამდენად მისცემს უფლებას საქართველოს ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის პრივატიზება მოახდინოს, როცა შეიძლება აღნიშნული მილსადენი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს?
_ მოდით, ასე ვთქვათ, დღეს არ არის ასეთი სიტუაცია, როგორიც იყო 2004 წელს, როდესაც ამერიკელებმა კატეგორიული პოზიცია დააფიქსირეს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით. დღეს ამერიკული ინტერესი შესუსტებულია. მთავარია, რომ ჩვენ გავიაზროთ ჩვენი ნაციონალური ინტერესები, როდესაც დასავლურ ვექტორზე ვლაპარაკობთ, თამაშის წესები ისეთი უნდა გვქონდეს, რომ დასავლეთის ინტერესები დავიცვათ, ანუ იმ სამყაროს ინტერესები, რომლისკენაც თეორიულად მივდივართ და არა ისე, რომ ვევაჭროთ მხარეს, რომელსაც დილას ოკუპანტს ვუძახით, საღამოს კი ასეთი ეგზოტიკური სახით კაპიტულაციას ვუცხადებთ. დარჩიაშვილის არგუმენტები, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ, კაპიტულაციის შეფუთვის მცდელობა და მეტი არაფერი.




