აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ქართული მხარე აქტიურად იბრძოდა იმისთვის, რომ დასავლეთს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ოფიციალურად ეღიარებინა, რაც შემდეგ სამართლებრივ ბრძოლაში საქართველოს დიდ უპირატესობას მისცემდა. ლიტვის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცნო, რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სხვა ქვეყნებისთვისაც მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს.
რას მოუტანს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოკუპაციის აღიარება და არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ ოკუპაცია ევროპამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარონ? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ ბატონო სოსო, აშშ-ს და ლიტვის შემდეგ მოსალოდნელია თუ არა სხვა რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის ოკუპანტად გამოცხადება?
_ არა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვინც ჩვენს დღეშია და ანუ ოკუპირებულია, იმან უნდა მიიღოს ასეთი რეზოლუცია, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი მხოლოდ აზერბაიჯანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ბაქო-რუსეთის პოლიტიკური ინტერესები ისეა გადახლართული, აზერბაიჯანი ამაზე არ წავა. ამის სანაცვლოდ კი, რუსეთი მთიან ყარაბაღს არასდროს აღიარებს როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს. მათ აქვთ ამ ტიპის გარკვეული შეთანხმება, რომელიც, რა თქმა უნდა, არაოფიციალურია. ანუ რუსეთი არასოდეს ახსენებს ყარაბაღს, როგორც თავისი ინტერესების სფეროს და როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს. სამაგიეროდ, აზერბაიჯანი საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში ხისტ პოზიციას არ გამოხატავს. ანუ სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ დააფიქსირებს ამ ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს.
გამონაკლისია ლიტვა და ასევე მოლდოვა, რომელმაც რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა, ოღონდ არა საქართველოსთან მიმართებაში. Mმოლდოვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიხაი გიმპუსის დამსახურებაა, რომელიც წინ აღუდგა კომუნისტების და სხვა პოლიტიკური ძალების პოზიციას, ვისაც არ სურდა მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება.
ასეთი პოზიციის დაფიქსირება შეუძლია მხოლოდ ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც არის შეერთებული შტატები და ისეთ პრინციპულ ქვეყანას, როგორიცაა ლიტვა და ისეთი პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყანა, როგორიცაა მოლდოვა. მხოლოდ მათ შეძლეს, ასეთი პოლიტიკური ფუფუნების უფლება მიეცათ თავისი თავისთვის. მაგრამ ხომ ხედავთ, არც ესტონეთი, არც ლატვია არ ჩქარობენ ასეთი რეზოლუციის მიღებას. ამას არც სხვა ევროპული ქვეყნებიდან ველი.
_ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია როგორი იქნება? ამერიკამ ხომ ერთგვარი მწვანე შუქი აუნთო ყველას ოკუპაციის ფაქტის დაფიქსირების საკითხში?
_ არ მგონია, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღოს ასეთი რეზოლუცია და რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადოს. როდესაც ევროსაბჭოს ახალი ლიდერი, თურქი დიპლომატი თბილისში იყო ჩამოსული, მან გვერდი აუარა მკვეთრი ტერმინების დაფიქსირებას და განაცხადა, რომ სხვა მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთო. ტერმინი `ოკუპაცია~ არ უხსენებია, ჯარების გაყვანა თქვა, ანუ თურქეთიც არ ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად სცნობს. იუშჩენკო რომ ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი, ის მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ იანუკოვიჩი ამას არასდროს
გააკეთებს, თუმცა აღიარებითაც არ აღიარებს.
ამ უახლოეს მომავალში სხვას მე არავისგან ველოდები. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვერ ვიტყვი. ჩვენ ისეთ დინამიურ თანამედროვეობაში ვცხოვრობთ და ისეთი სწრაფი ტემპებით იცვლება ძალთა თანაფარდობა მსოფლიოში და ისეთი ახალ-ახალი ინტერესთა სფეროები ჩნდება, რომ ნოსტრადამუსიც კი ვერ განსაზღვრავს, რა მოხდება.
_ როდესაც ომი დამთავრდა, ქართული მხარე აქტიურად იბრძოდა, რომ რუსეთის შემოჭრას საქართველოში ოკუპაცია დარქმეოდა, რათა შემდგომ სამართლებრივი ბრძოლაში მეტი უპირატესობა გვქონოდა. უკვე გვაქს ორი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა დაფიქსირებული. ეს რას მოგვცემს სამართლებრივად?
_ თუ გულისხმობთ საერთაშორისო სამართალ,ს იგივე ჰააგაში, ან სხვაგან, რასაკვირველია, იქ ეს არგუმენტია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო სასამართლოები ევროპაშია და მოსამართლეთა ძირითადი შემადგენლობა ევროპელებისგან არის დაკომპლექტებული. ევროპელები კი პოლიტიკურ კონიუქტურას ყოველთვის დიდ ანგარიშს უწევენ. ამის მკაფიო მაგალითია ტალიავინის კომისია, რომლის 6 წევრი გერმანელი იყო. მათ ვენები გადაიჭრეს და არავითარ შემთხვევაში არ დააფიქსირეს ის, რომ რუსეთი აგრესორი იყო. ამიტომ ევროპულ სივრცეში მე არ მგონია, მიღებული იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთს ოკუპანტად გამოაცხადებენ. ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ ევროპა ამაზე არ წავა. მოსკოვი კარგად გრძნობს ამ ბრალდების სიმძიმეს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი რეზოლუცია არ დაიდოს.
_ ევროპის მხრიდან ოკუპაციის შესაძლო დაფიქსირების შემთხვევაში სურათი სერიოზულად შეიცვლება?
_ რასაკვირველია, თუ ევროპამ ოკუპაცია დააფიქსირა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ცივი ომი დაიწყება. ოკუპანტი სულ სხვა რამეა. ოკუპაცია არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ეთნოკონფლიქტი შეიძლება გაიყინოს და გაყინული ეთნოკონფლიქტების უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც კვიპროსი, სახარა და ა.შ. მაგრამ არ შეიძლება ოკუპაცია გაიყინოს 5 წელი, 10 წელი, 20 წელი. გაყინულ კონფლიქტებში მოლაპარაკება უსასრულოა, დეოკუპაციაზე მოლაპარაკების დაწყებაც კი, სასიკვდილო განაჩენი იქნება რუსეთისთვის. როგორც კი, რუსეთი დეოკუპაციაზე დაიწყებს მოლაპარაკებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღიარებს თავის ოკუპანტობას. თუ ჩვენც ხელს მოვაწერთ აფხაზეთთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის დოკუმენტს, ამით იმ წამსვე ვაღიარებთ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. თუმცა, რუსეთს ოკუპანტის დამღა უკვე მიეწება და ამის ჩამოშორება ძალიან გაუჭირდება
_ რუსეთს ეს დამღა რაიმე დისკომფორტს უქმნის, ან რამეში ხელს უშლის? მან ხომ უკვე ბევრჯერ აჩვენა, რომ არავის აზრი და შეხედულებები არ აინტერესებს და ყოველთვის იმას გაკეთებს, რაც სურს.
_ რასაკვირველია, შეუშლის, ვინაიდან ამ დამღას მემკვიდრეობით მიიღებს ახალი პრეზიდენტი და მთავრობა. მუდმივად მედვედევ-პუტინის ტანდემი ხომ არ იქნება? მოვა ბოლო-ბოლო ვიღაც სხვა, რომელიც, პირველ რიგში, შეეცდება ოკუპანტის დამღა ჩამოიშოროს.
_ ანუ იმედი არსებობს, რომ შესაძლოა, მომავალმა მთავრობამ მაინც შეცვალოს პოზიცია და ჩვენთვის სასიკეთო პროცესები დაიწყოს თუ რას გულისხმობთ?
_ კი იმედი ჩნდება, რადგან რუსეთი საკუთარ თავს კუთხეში იმწყვდევს და ჩიხში ექცევა. ერთი მხრივ, მას არ მოსწონს ეს ოკუპაცია. ხომ ხედავთ, პუტინმა უკვე თქვა, რომ ზოგი ოკუპაციად თვლის, ზოგი გათავისუფლებად. უკვე პუტინმაც კი აღიარა, რომ ზოგი ამას ოკუპაციად თვლის, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ძნელი გახდეს მისი ჯარების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვგულისხმობ სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას ოკუპირებულ რეგიონებში, სამხედრო ბაზების მშენებლობას და საზღვარზე ე.წ რუსი მესაზღვრეების ჩაყენებას. ორივე რეგიონი დღეს რუსეთის კოლონიალური მმართველობის ქვეშ არის. ეს არის კლასიკური გაგების ნეოკოლონიალიზმი, რაშიც თავად რუსეთი 60-იან წლებში ამერიკას ადანაშაულებდა.




