
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტი განხორციელდა. ჰილარი კლინტონის ვიზიტს მოჰყვა პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი; უკვე ორი დღეა საქართველოში იმყოფებიან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები, 15 ივლისს კი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ჩამოდის.
რას უნდა უკავშირდებოდეს ორ კვირაში ასეთი დონის ვიზიტები? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
_ მე მგონი, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს, რა ხდება საქართველოში, რადგან ფრიად კმაყოფილი საერთაშორისო მისიები, რომლებიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდნენ, ორიოდე თვეში სრულიად საწინააღმდეგო დასკვნებს დებენ. ამასთან, საქართველო არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი თემა. მას თან სდევს როგორც რეგიონული, ასევე ზოგადად, ევროპული პოლიტიკური პროცესების შლეიფიც. საერთაშორისო პოლიტიკის მოდის ფუძემდებელი გახლავთ აშშ. აქედან გამოდინარე, სულ არ არის გასაკვირი ის, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტს მოჰყვა ასეთი აქტივობა, როგორც ამერიკის პარტნიორი ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამ ვიზიტთა კორიანტელში მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირის უმაღლესი მისია, რომელიც ჩამოდის საქართველოში, არ მოინახულებს ბაქოს და ერევანს. ასეთი პრაქტიკა ჩვენ ჯერ არ გვქონია. ვნახოთ, თუ რის შეთავაზებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის. Eეს, ალბათ, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი მათ უფრო მაღალი ეგონებათ, ვიდრე ეს არის აზერბაიჯანსა და სომხეთში. შესაძლოა, ამჯერად ევროპამ დაანებოს თავი ამ სამი ქვეყნის ტყუპისცალებად განხილვას და ბოლოსდაბოლოს, რეალურად გადავიდნენ ინდივიდუალური პოლიტიკის განხორციელებაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფობში.
_ ბატონო სოსო, ამ ვიზიტებამდე უცხოურ პრესაში გამოითქვა მოსაზრებები, რომ საქართველო ამერიკისგან და ევროპისგან ისეთი მხარდაჭერით აღარ სარგებლობდა, როგორც აქამდე იყო. ამ მოსაზრებების ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი დაიწყო მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე, რომელიც, შესაძლოა, `გაზპრომის~ ხელში აღმოჩნდეს, რაც დასავლეთს ხელს არ აძლევს; ასევე დაიწყო ლაპარაკი ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის. როგორ ფიქრობთ, ვიზიტების ასეთი გააქტიურება ერთგვარად ჩვენი ხელისუფლების ამ მესიჯებმაც ხომ არ გამოიწვია?
_ დასავლეთისთვის ცხადია, რომ მიმდინარე საგარეო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ვიდრე აკეთებს, არ არის ადეკვატური იმ მოლოდინებისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არსებობდა. დღესაც ეკონომიკური განვითარების საკითხში ბრიუსელის ნაცვლად სინგაპურის მოდელს გვთავაზობენ, ევროპის ნაცვლად _ ირანთან უვიზო მიმოსვლას და ამავე დროს ლუკაშენკოსთან შესახვედრად თავად ქვეყნის პრეზიდენტი მიფრინავს. ისეთი ნაბიჯებია გადადგმული ქართული მხრიდან, მათ შორის გაზსადენზე ატეხილი აჟიოტაჟით, რომ ეს გარკვეული მესიჯების მატარებელი მართლაც იყო. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ აქტიურდება არა მხოლოდ თავად, არამედ საკუთარი პარტნიორების ჩართვითაც. ალბათ, უკვე დადგა გარკვეული დასკვნების გაკეთების დრო, რის გამოც ევროპაც გააქტიურდა, რათა საბოლოოდ წარმოიდგინოს და განსაზღვროს, ღირს თუ არა, და თუ ღირს, რა პირობებით ღირს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა.
_ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ სწორი სტრატეგია აირჩია და ამ მესიჯებმა გაჭრა?
_ ვერ გეტყვით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე სახის შანტაჟი აშშ-ს მიმართ რაიმე შედეგს მოიტანს, ის, ალბათ, მხოლოდ ზღაპრების წიგნებით არის გაზრდილი და რეალური ურთიერთობებისგან შორს დგას. რუსეთიც კი ცდილობს ზოგჯერ აშშ-ს დაშანტაჟებას. გახსოვთ ალბათ, აშშ-ს გეგმების საპასუხოდ რუსეთმა განაცხადა, რომ კალინინგრადში ისკანდერის ტიპის რაკეტების დამონტაჟებას გეგმავდა, რითაც მთელი ევროპა მისი სამიზნე გახდებოდა. ამერიკამ კი, ამის საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო დანადგარების დამონტაჟების საკითხი ხელახალი სიძლიერით წამოწია და ახალი ხელშეკრულებებიც კი დაიდო. ამიტომ, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, აშშ_რუსეთის დიდ თამაშში კუთხეებგაცვეთილი კამათლის როლში არ მოვხდეთ.
_ ეს ვიზიტები, კონკრეტულად, რა შედეგს მოგვიტანს?
_ უპირველეს ყოვლისა, ასეთი ვიზიტები კეთდება საქართველოს სასიკეთოდ და დასავლეთის გეგმებში მოიაზრება თუ არა, დღევანდელი ხელისუფლებაც, ეს თავად ამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.




