
ოფიციალურმა მოსკოვმა ბელორუსსა და ყაზახეთს მიმართა თხოვნით, არ შეიტანონ რუსეთში ქართული, მოლდოვური ღვინოები და მინერალური წყლები.
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ მოახდინა კოლეგების ინფორმირება, რომ ამ ქვეყანაში ქართულ, მოლდოვურ ღვინოებზე და მინერალურ წყლებზე შეზღუდვებია დაწესებული.
“ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ თავს ჩვენს ნებას ვახვევთ და ამ პროდუქტების გამოყენების მხრივ, მათ უფლებებს ვზღუდავთ. მაგრამ, ჩვენც გვაქვს უფლება, მივიღოთ ამომწურავი ზომები ამ პროდუქტების რუსეთის ბაზარზე არდაშვებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ონიშჩენკომ.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს აკრძალა.



