საზოგადოებრივი პროექტი `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” სექტემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება.
როგორც `მედიანიუსს” პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, შიო არსენაშვილმა განუცხადა, `სახალხო სასამართლო” საქმიანობას უცვლელი შემადგენლობით გააგრძელებს. სასამართლოში უკვე შესულია სამი სარჩელი, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს, 2007 წლის 7 ნოემბრის მანიფესტაციის დარბევას თბილისში და ქვეყანაში განხორციელებული განათლების რეფორმის მიმდინარეობას. შიო არსენაშვილის თქმით, სასამართლო იმსჯელებს და საქმის წარმოების ახალი ეტაპიდან პრიორიტეტი იმ სარჩელს მიენიჭება, რომელის მიმართაც ყველაზე მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.
დღემდე `სახალხო სასამართლომ” განხილულ სარჩელებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ბრალეულობის საკითხი გამოკვეთა. სასამართლომ ვერდიქტი ორ საქმეზე - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული აფრასიძეების საქმეზე გამოიტანა. `სახალხო სასამართლოს” ნაფიც-მსაჯულთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ, შესაბამისი უწყებებისა და დაწესებულებების, აგრეთვე, მათი მოხელეების მონაწილეობით, დაარღვია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა.
შიო არსენაშვილის განცხადებითვე, პროექტს სექტემბრიდან ისევ სახალხო მოსამართლე მინდია უგრეხელიძე და ნაფიცი მსაჯულები გაუძღვებიან, ხოლო დაცვის მხარეს გელა ნიკოლაიშვილი და მალხაზ ჯანგირაშვილი წარმოადგენენ, მოპასუხე მხარის ადვოკატები კი, ელგუჯა ახალაია და ვახტანგ ნაყოფია იქნებიან.



