ბათუმში ქართველი ქალების მონაწილეობით, ერთდღიანი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია პროექტ `ქართულ-აფხაზური საგას” ფარგლები მომზადდა, რომლის მთავარი თემაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირება იყო.
ორგანიზატორთა შეფასებით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ურთიერთობების აღდგენაში გადამწყვეტი როლის შესრულება ქალბატონებს შეუძლიათ. მხარეთა შორის ნდობის აღდგენაში დიდ როლს სწორედაც პირადი კონტაქტები ასრულებს.
შეხვედრა გამოირჩეული იყო მასში მონაწილე ეთნიკურად აფხაზი ქალბატონების მონაწილეობითაც, რომელთა უმეტესობაც, ბათუმში, რუსეთიდან ჩამოვიდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარაში, ნოემბრის თვეში, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და პრობლემებზე მორიგი კონფერენცია გაიმართება, რომლის შემდგომაც, ქართველი ქალების ჯგუფი აფხაზეთში გაემგზავრება. მისია ქართველ და აფხაზ ოჯახებს შორის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების აუცილებლობიდან გამომდინარეობს.
კონფერენციას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მას სასტუმრო `ბათუმი ინტურისტმა” უმასპინძლა.





