თბილისში, გლდანის ტბაში, სავარაუდოდ, ინფარქტის შედეგად, 60 წლის მამაკაცი როინ ხატიაშვილი გარდაიცვალა. იგი ტბაზე თავის 6 წლის შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მცირეწლოვანმა ბანაობის დროს დახმარება მოითხოვა, ტბაში შესული პაპა კი, მოულოდნელად, ნაპირიდან 10 მეტრის დაშორებით დაიღუპა. ტბიდან ბავშვის ამოყვანა მახლობლად მყოფმა პირებმა შეძლეს. მას ამჟამად სტაციონარული სამედიცინო დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ, ხოლო მამაკაცის გარდაცვალების რეალურ მიზეზს სამედიცინო დასკვნა გამოავლენს. ოფიციალურად, გლდანის ტბაზე ბანაობა აკრძალულია, თუმცა მოსახლეობა მას თვითნებურად მაინც იყენებს. სწორედ აკრძალვის გამო, ტბაზე არ იმყოფებოდნენ მაშველებიც.



