ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე ფასების მატებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტს აღწევს. სამთავრობო სტატისტიკის არ სჯერათ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც ხელისუფლებას არასწორი სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებასა და საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ.
რა განაპირობებს ექსპერტთა ასეთ პოზიციას და რეალურად, რა ხდება ქართულ ეკონომიკაში? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” ყოფილ ფინანსთა მინისტრს დავით ონოფრიშვილს ესაუბრა.
_ ბატონო დავით, საქართველოს მთვარობა აცხადებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერმა გილაურმა ეკონომიკური ზრის მაჩვენებელიც კი დაასახელა _ 6 პროცენტი. რას ეყრდნობა ეს ციფრი და, საერთოდ, რა ვითარებაა დღეს საქართველოს ეკონომიკაში?
_ ხელისუფლების მიერ გამოქვეყენებული სტატისტიკა რამდენად სანდოა, ეს ცალკე განსახილველი საკითხია. დავუშვათ, რომ არის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტზე, მაგრამ ამ ზრდის ფონზე არ არის გათვალისწინებული ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია, რომელიც დღეს ქვეყანაშია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასებმა მოიმატა ხორბალზე, საკვებსა და სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის იმპორტირებულზე და ა.შ., ასევე იმასაც, რომ ინფლაციის 10 პროცენტამდე ზრდას უნდა ველოდოთ, მაშინ რეალური ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. ანუ რეალურად, ასეთი ინფლაციის მოლოდინის პირობებში, მთლიანი შიდა პროდუქტის და ეკონომიკის ზრდა სათუოა. მეორე საკითხი: ეკონომიკა შეიძლება იზრდება ვაჭრობის, მომსახურების სფეროში, მაგრამ ეს ნაკლებად არის დაკავშირებული წარმოებასთან. რაც მთავარია, ინვესტირების დონე არის ჩავარდნილი. მთავრობა არც კი ასახელებს, თუ რამდენია ინვესტიციის მოცულობა წლის პირველ ნახევარში. ექსპერტების გაანგარიშებით, ეს თანხა 200 მილიონ დოლარზე ნაკლებია. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე 300-400 მილონზე მეტს არ უნდა ველოდოთ. წარმოიდგინეთ, რომ 2007 წელს ინვესტიციის რაოდენობა 2 მილიარდი იყო, 2008-ში—1,5 მილიარდი.
_აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება თითქოს გაუმჯობესდა, მან უფრო სტაბილური ქვეყნის იმიჯი შეიძინა. მაინც და მაინც, წელს რატომ მოხდა ინვესტირების ასეთი მკვეთრი ვარდნა?
_ იმიტომ, რომ ქართული ეკონომიკა სერიოზულადაა დაავადებული. ინვესტიციები არ შემოდის, საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, ინფლაცია არის საკმაოდ მაღალი, იმპორტი ოთხჯერ მეტია ექსპორტზე. მთლიანად ფინანსური კრიზისის პერიოდში დასავლეთის 4-მილიარდიანი დახმარებით ამოვისუნთქეთ და ისეთი კრიზისი არ ყოფილა ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს დახმარებები ამოვწურეთ _ წელს ბოლო წელია. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში საკუთარი რესურსებით უნდა ვიცხოვროთ, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ ინვესტიაცია არ შემოვა, არ განვითარდება სოფლის მეურნეობა და წარმოება, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
_ რა არ კეთდება, არსებული მდგომარეობა რომ გამოსწორდეს და კრიზისის დასაძლევად რა უნდა გაკეთდეს?
_ პირველ რიგში, მთავრობა უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. ეკონომიკის სამინისტროში კი, ძალიან ბევრი მმართულებით, არაპროფესიონალები მუშაობენ. მინისტრებზე აღარ ვლაპარაკობ. მათი ხშირი ცვლა ხომ საერთოდ ძალიან უარყოფითად აისახება ეკონომიკურ პროცესებზე?! აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად მკვდარია და ბოლო წლებში სახელმწიფოს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. თუ ექვს თვეში რაღაც პოზიტიური მაჩვენებელი გამოჩნდება, ეს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, მზარდი ინფლაციის ფონზე. თუ წლევანდელ მაჩვენებელს და ფასებს შარშანდელ რიცხვებსა და ფასებს შევადარებთ, 6 პროცენტი კი არა, შეიძლება 1 პროცენტიც არ არის.
_მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რა შედეგს უნდა ველოდოთ?
_ ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, თუ არა გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და არ დაიდება კონკრეტული ხედვები _ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა, არა პიარის დონეზე, არამედ რეალურად. რაც მთვარია, უნდა გაუმჯობესდეს ადგილობრივი ბიზნესგარემო. შაინტერესოა, რატომ არ შემოდის ინვესტიციები, როცა მთვრობა ამბობს, რომ ბიზნესგარემოს მხრივ პირველ ადგილზე ვართ და ფირმის გახსნა ერთ დღეშიც კი შეიძლებაო? _ კი, ფირმის გახსნა ერთ დღეში შეიძლება, მაგრამ ფირმას რომ გახსნი, აი, მერე რა მოხდება, ეს არის საკითხავი. რამდენად შეგიძლია იმუშაო? დაგარეკეტებს თუ არა ხელისუფლება?, რამდენად თავისუფალი იქნები ბიზნეს გადაწყვეტილებებში და რამდენად კარგი იქნება საგადასახდო სისტემა?— აი, ეს ყველაფერი განსაზღვრავს ბიზნესგარემოს სანდოობას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ინსტიტუციონალურად, ქვეყანა რამდენად არის ჩამოყალიბებული, რომ უცხოელმა, რომელსაც დიდი არჩევანი აქვს მსოფლიოში, ფული მაინცდამაინც საქართველოში შემოიტანოს. 2006-2007 წლებში ინვესტიციების შემოდინების მხრივ საქართველოში მართლაც ბუმი იყო, მაგრამ შემდგომში არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ომმა ყველაფერი შეცვლა. ამ ხელისუფლებამ თავისი შეცდომებისა და არასწორი პოლიტიკის გამო ნდობის მანდატი დაკარგა. ის ვერ არწმუნებს ბიზნემსენებს, საქართველოში ჩადონ ფული. დახმარებები შეწყდება და საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექნება ჩვენს მოსახლეობას. ფასების ზრდა ჯაჭვური რეაქციას გამოიწვევს. დაიწევს საარსებო მინიმუმის ზღვარიც. ამ ყველაფრის შედეგად ეკონომიკური კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება და მძიმე შედეგებამდე მივალთ.




