ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში საბანკო დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელმა, გასული წლის ამავე თვის მაჩვენებელს, 44 პროცენტით გადააჭარბა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ბოლო სხდომაზე კმაყოფილებით აღნიშნა, დეპოზიტები ამჟამად 9,9 მილიარდ ლარს აღემატება, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი რიცხვია. გილაურმა ეს მონაცემები, სხვა ეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, იმის საილუსტრაციოდ დაასახელა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იზრდება.
არის თუ არა საბანკო დეპოზიტების ზრდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელია? _ ამ და სხვა საკითხებზე „ მედიანიუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა.
_ ბატონო ნოდარ, რამდენად სანდოა ეს მაჩვენებელი და რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის დეპოზიტების რაოდენობის ასეთი სერიოზული ზრდა?
_ რიცხვების რეალობის შეფასება ნამდვილად არ შემიძლია, რადგან ეს ჩემთვის გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. მაგრამ რა არის პრემიერ-მინისტრის აზრით ამაში სასიხარულო? რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი კარგია თუ ცუდი, მას ამაზე უნდა ელაპარაკა, რადგან მაღალი რიცხვების არსებობა ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. დეპოზიტების ზრდა ნამდვილად არ არის ეკონომიკური აქტივობა. ესაა მუთაქაში (ანუ, ამ შემთხვევაში, ბანკში) შენახული ფული. თუ ეკონომიკური აქტივობა იზრდება, მაშინ ბანკებში გაცებული სესხების რაოდენობაც კატასტროფულად უნდა იზრდებოდეს. თუ ვინმეს ფული აქვს ჯიბეში, მას ბიზნესის გასაფართოებლად ან ახლის წამოსაწყებად უნდა აბანდებდეს. დღეს კი საქართველოში ვიღაცა ფულს შოულობს და იმის ნაცვალად, რომ ბიზნესში დააბანდოს, ბანკში შეაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვიღაცას ფული აქვს, ამ ხელისუფლების შიშით ვერსად დაუბანდებია იგი და ურჩევნია, ბანკში ჰქონდეს. ცხადია, ეს არ არის პურის ფულის გადანახვა, რადგან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი ღატაკია და ყოველდღიური არსებობის ფულს როგორც კი იშოვის, მაშინვე ხარჯავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთი შემოსავლიდან მეორე შემოსავლამდე ცხოვრობს. შესაბამისად, ასეთ ხალხს ბანკში დეპოზიტი ვერ ექნება.
_ რა უნდა მოჰყოლოდა დეპოზიტების ზრდას?
_ დეპოზიტების 44 პროცენტით მატება იმას ნიშნავს, რომ ბანკების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 44 პროცენტი ხომ ხუმრობა არ არის? ეს, ფაქტობრივად, ნახტომია და ამას საბანკო პროცენტების 20 პროცენტით შემცირება მაინც უნდა მოჰყოლოდა. თუკი ბანკებს რესურსები, ანუ მიწოდება გაეზარდა, რატომ არ უნდა დაეცეს მისი ფასი მნიშვნელოვნად?! თორემ რაღაცას კი ლაპარაკობენ, ცოტათი შევამცირეთო. თუ მათ ნათქვამს გადავამოწმებთ, საბოლოოდ, ისიც ტყუილი აღმოჩნდება. რატომ ნიშნავს ეკონომიკური ზრდის აქტივობას ის, რომ თუკი ფული ვიშოვე, ბიზნესში დაბანდების ნაცვლად, ბანკში შემაქვს იგი?! აი, ამაზე უნდა ილაპარაკოს პრემიერ-მინისტრმა. აბა, სადღაც რაღაც რიცხვს რომ „გამოთხრის“, ასე კი არაა საქმე... რა უხარია პრემიერ-მინისტრს _
რა, დეპოზიტების ზრდამ საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლით მსოფლიო დონეზე აგვიყვანა?
_ ბატონო ნოდარ, ბოლო ხანს ქვეყანაში რამდენიმე ბანკის ფილიალები დაიხურა, იკლო კლიენტთა რაოდენობამაც...
_ და როგორ ესადაგება ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდის აქტივობას? ეს და ზემოთ თქმული იმის საპირისპიროა, რასაც ესენი ლაპარაკობენ.
_ სახელისუფლებო წრეებში იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ საბაკნო სექტორი აღმავლობის გზაზეა...
_ აღმავლობის გზაზეე იქნება, რადგან ქართულ ეკონომიკასა და მოქალაქეებს გაუგებრად ყვლეფს. შარშან 3-პროცენტიანი ინფლაცია „გამოიყვანეს“, სინამდვილეში კი, სერიოზული დეფლაცია უნდა გვქონოდა, მაგრამ თუნდაც 3-პროცენტიანი ინფლაციის პირობებში, რატომ უნდა იყოს ამხელა საბანკო პროცენტები? ბანკებმა დაიტოვეს ინფლაციური საქართველოს (წინა წლებს ვგულისხმობ) მაღალი პროცენტები და ხელფასებით და სხვა დანარჩენით იაპონურ და ამერიკულ ბანკებს ეჯიბრებიან. როგორ შეიძლება, საქართველოში ბანკის ხელმძღვანელს ჰქონდეს წელიწადში 700 000 და 1 000 000 შემოსავალი? როგორ ხდება ეს? _ როგორ და, იქიდან, რომ გვატყავებენ, როგორც დანარჩენ სფეროებში. საწვავი, პური, საბანკო პროცენტი ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე უნდა ღირდეს. აქედან გამომდინარე, ბანკები ეკონომიკისა და მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე მდიდრდებიან და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შეუჩერდებათ. ბანკებმა ასეთი წარმატებულები რომ არიან, გამოაქვეყნონ, რამდენი ფული მიაქვთ სახლში და მიხვდებით, რომ ისინი რაღაც გაუგებარი ოაზისებია.




