
საქართველოს მაგისტრალური გაზსადენით აზერბაიჯანის დაინტერესებას სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გრანტ ბაგრატიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გაზსადენი სომხეთს რუსული გაზით ამარაგებს და ამიტომ სომხეთმა უნდა შეიძინოს, რადგან Aაზერბაიჯანის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, სომხეთის ენერგოსტაბილურობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.
ექსპერტები კი აღნიშნავენ, სომხეთის მხრიდან გაზსადენის შეძენა რუსეთის საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს, ხოლო Aაზერბაიჯანის მიერ მისი შესყიდვა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
რა მოჰყვება აღნიშნული გაზსადენის ან ერთი, ან მეორე მეზობელი ქვეყნის მფლობელობასა თუ მმართველობაში გადასვლას და რა საფრთხის შემცველი იქნება ეს საქართველოსთვის? _ ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” ეკონომიკის ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბარა.
_ სომხეთის მხრიდან გაზსადენის შეძენის სურვილი სრულიად ბუნებრივია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მისი არასაპრივატიზებო ნუსხიდან ამოღებით გაზსადენის გაყიდვის თაობაზე მზაობა საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა. მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა და პროტესტისა, რატომღაც ეს ახირება კანონის ჩარჩოებში მოაქცია. მითუმეტეს მაშინ, როცა Aაზერბაიჯანი გამოთქვამს ამ გაზსადენის შეძენის სურვილს და ესეც ბუნებრივია, რადგან ვინ უნდა შეიძინოს, თუ არა მხარემ, რომელიც თავადვე აავსებს ამ გაზსადენს. მაგრამ საქმე ისააა, რომ Aაზერბაიჯანის მიერ ამ გაზსადენის შეძენა, ძალიან სერიოზული საშიშროება იქნება სომხეთის ენერგოსტაბილურობისთვის. მოგეხსენებათ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა. სამარცხვინოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი პრიმიტიული საფრთხე ვერ გათვალა, ან კიდევ უარესი _ ამ საკითხთან დაკავშირებით ორ მეზობელს შორის ურთიერთობა შეგნებულად გაამწვავა, რადგან ხაზი გაესვა, რომ თვითონ არის სიტუაციის ბატონ-პატრონი და ორივე მეზობელი მის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. მერწმუნეთ, თუ სომხეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოს ზურგს შეაქცევს და ერთმანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს, ეს აღკვეთს ჩვენი ხელისუფლების ნებას, თვითონ იყოს წამყვანი მოთამაშე რეგიონში, რასაც არც თუ ისე კარგი შედეგები მოჰყვება.
საერთოდ გაზსადენის გაყიდვის საკითხის დასმა იყო შეცდომა. სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილი გაპრეზიდენტებამდე ბრძანებდა, რომ ამ გაზსადენის გაყიდვა საქართველოს დაღუპვის ტოლფასი იქნება, რადგან მერე, არც ევროკავშირში და არც ნატოში შესვლას აზრი აღარ ექნებაო. დღეს კი როგორც ჩანს, მან მოსაზრება შეიცვალა.
_ გაზსადენის სტრატეგიულობის მიმართ ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი რა გახდა? ვინმე ხომ არ ახდენს მასზე ზემოქმედებას?
_რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბენდუქიძის უწყებამ საუბარი დაიწყო ამ გაზსადენის გაყიდვაზე, აშშ-ს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა მისი გაყიდვა დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარიყო.
_ ახლა?
_ ახლაც და მაშინაც თუ ვინმეს აინტერესებს, რომ ეს გაზსადენი არ იყოს საქართველოს ხელში, ეს არის რუსეთი. მითუმეტეს, სომხეთის მიერ მისი შეძენა ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი ნებით გადავეცით. რუსეთი სომხებს საკუთარ გაზსადენს არ უთმობს და საქართველოს გაზსადენს ჩაუგდებს ხელში?
_და თუ აზერბაიჯანი შეიძენს?
_ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება: ეს მილი საქართველო-სომხეთის საზღვართან იქნება გადაკეტილი და მისი ბატონ-პატრონი გახდება აზერბაიჯანი. დღეს თუ ერაყსა და ავღანეთში ვართ შესულები, ხვალ შეიძლება, აზერბაიჯანს შესთავაზონ ჩვენი ჯარები სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამაზე მიანიშნებს სრულიად გაუაზრებელი საუბარი აზერბაიჯანთან კონფედერაციულ წყობაზე. კონფედერაცია სხვას კი არაფერს ნიშნავს?!. აქ პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებაზეა საუბარი. ჩვენს ლარს არავინ არ წაიღებს აზერბაიჯანში გამოსაყენებლად.
_ თქვენ გამოთქვით ასეთი ვერსია, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხით შეგნებულად მანიპულირებს, რათა რეგიონში თავისი წონა გაზარდოს. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ თბილისს ხელს არ აძლევს სომხეთმა ურთიერთობები დაარეგულიროს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა, საქართველომ, როგორც ენერგოტრანზიტორი ქვეყნის ფუნქცია, დაკარგოს და თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
_ სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონს, პერპსექტივა აქვს მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთობის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მეზობლებთან. ნებისმიერი სხვა მოსაზრება არის მხოლოდ ავანტიურისტთა თავშესაფარი, როგორც ერთი, ასევ მეორე და მესამე ქვეყნის ხელისუფლებაში.




