მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტი საქართველოზეც უკვე უარყოფითად აისახა. ამასთან, ცუდი მოსავლის გამო არასახარბიელო ვითარება შეიქმნა სხვა სექტორებშიც. კერძოდ, გაძვირდა ხილ-ბოსტნეული, იზრდება რძის პროდუქტების ფასიც. მარიამობის მარხვის შემდეგ, ექსპერტები ხორცის გაძვირებასაც ვარაუდობენ. რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? _ ამ და სხვა კითხვებზე „მედიანიუსი“ სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, პროფესორ პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში სერიოზული სასურსათო დეფიციტია მოსალოდნელი. საქართველოს რა ბედი ელის?
_ ამ მხრივ კატასტროფა გველოდება. 2007 წლის მეორე ნახევრის კრიზისმა, რომელიც მარცვლეულისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია, მსოფლიოში აგრარული მეურნეობის განვითარება თავდაყირა დააყენა. მაშინ გაცხადდა, რომ მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. ჩვენ სამი პრიორიტეტი უნდა გვქონდეს: მარცვლეულის, ზეთოვანი კულტურებისა და მეცხოველეობის განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გველოდება. ქვეყანას, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვა ემუქრება, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. ვისაც მარცვლეული კულტურები აქვს, მას მეცხოველეობაც განვითარებული აქვს. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო მარცვეულის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის საქმეში.
გაერომ იმ 40 ქვეყნის სიაში შეგვიყვანა, სადაც სასურსათო ბუნტები და წლის ბოლომდე სასურსათო პროდუქციაზე ფასების 40 პროცენტით ზრდა არის მოსალოდნელი.
_ პური და პურპროდუქტები, ასევე ზოგიერთი პროდუქტი უკვე გაძვირდა...
_ წლის ბოლომდე პურის გაძვირება კიდევ მოსალოდნელია. ჩვენმა ძირითადმა მომწოდებლებმა: უკრაინამ და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი 2011 წლის 1 იანვრამდე შეაჩერეს. არ ვიცით, რას იზამს ყაზახეთი _ შესაძლოა მან საბაჟო გადასახადი შემოიღოს. არ ვიცით, როგორ განვითარდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია, მით უმეტეს, რომ წელს შარშანდელზე დაახლოებით 4-5 პროცენტით ნაკლები ხორბლის მოსავალი მიიღეს. როცა მსოფლიოში ხორბლის მარაგი 60 დღეზე ნაკლებია, უკვე საგანგაშოა. დღეისათვის კი ხორბლის მარაგი 57 დღის სამყოფია. უახლოეს დღეები უკეთ გვიჩვენებს, თუ როგორი სიტუაცია შეიქმნება მსოფლიოში.
_ საქართველოს მთავრობაში ხორბლის ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე დაიწყეს ფიქრი.
_ ასეთ ბაზრებს ვერსად მონახავ. თუ ნახავ, ეს ისეთი მდარე პროდუქცია იქნება, რომელსაც მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ყიდულობს; მაგალითად, ინდური ხორბალი და ფქვილი, თურქული ფქვილი ქიმიური დანამატებით არის გატენილი და ღირსეული მთავრობები ასეთი ქვეყნების პროდუქციას საკუთარი ხალხისთვის არ ყიდულობენ.
დღეისათვის ერთი ტონა ხორბლის ყველაზე დაბალი ფასი 300 აშშ დოლარია. თუ მას აშშ-დან და კანადიდან შემოვიტანთ, მას ტრანსპორტირების ხარჯის სახით 80-85 დოლარი უნდა დაემატოს. არადა, საქართველოს შეუძლია, 300-350 000 ჰექტარზე 1 მილიონი, 1 მილიონ 100 ათასი, ან 1 მილიონ 200 ათასი ტონა ყველა სახის მარცვეული მოიყვანოს. საქართველოს შეუძლია, მასზე მოთხოვნილება 70-75 პროცენტით თავადვე დაიკმაყოფილოს. განა ეს ცოტაა? მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც მარცვლეულზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას 50-ზე მეტი პროცენტით ახერხებენ, ბედნიერები არიან. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში ნათესების ფართობმა იკლო. წელს ხორბალი 59 000 ჰექტარ მიწაზე დაითესა. 30 _ 35 000 ტონამდე მოსავალი 50 000 ჰექტარზე აიღეს. ეს კატასტროფაა. ხელისუფლება ამ დარგის განვითარებაზე არ ფიქრობს, რადგან ბიუჯეტის ფორმირებას იმპორტიდან ამოღებული გადასახადებით, საბაჟო გადასახადებით ახდენს და დღევანდელი კვერცხისა და ხვალინდელი ქათმის პრინციპით აზროვნებს.
საერთოდ, იმპორტსა და ექსპორტს შორის ჰარმონია უნდა იყოს დაცული. მაგრამ საქართველოში ექსპორტზე ლაპარაკი ზედმეტია _ საექსპორტო არაფერი გვაქვს. ჩვენში ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პრობლემა არსებობს... ამასთან, რაც ჩვენთან შემოდის, დაბალხარისხიანი, ნაკლებ ენერგეტიკული, უყაირათო პროდუქციაა. მაგალითად, ინდური თუ ტროპიკული საქონლის ხორცი არ გვერგება, რადგან ჩვენს გენეტიკას არ შეესაბამება. კი არ მოგვკლავს, მაგრამ ჩვენი ფიზიოლოგიისათვის მიუღებელია. ჩვენ ჩვენი გვჭირდება. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის სუბიექტი არ უნდა გავხდეთ.
_ შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთავრობა და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უახლოეს პერიოდში ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას აპირებს...
_ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას დრო და ანალიზი სჭირდება. ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრით იწყება და თუ ეს არ გაითავისეს, არაფერი გამოვა. ანტიკრიზისული გეგმა არ არის ის, რომ სადღაც წახვიდე და პროდუქტი იაფად იყიდო. გეგმა უნდა გულისხმობდეს წარმოების განვითარებას, გლეხის ადგილზე დამაგრებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას; მარცვლეული კულტურების, მეცხოველეობის, მეფრინველეობის განვითარებას. საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ყოველწლიურად 1 მილიონ 700 ათასი ან 1 მილიონ 800 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ზაფხულობით 2 მილიონი ან 1 მილიონ 500 ათასი; ზამთრობით კი, 1 მილიონი ან 1 მილიონ 500 ათასი სული ცხვარი; ასევე 35-40 მილიონი ფრთა ქათამი ვიყოლიოთ. თუ გადარჩენა გვინდა, სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარებაზე უნდა ვფქრობდეთ, რადგან სოფელი არა მარტო პროდუქციის მწარმოებელი, არამედ ეროვნული კულტურის საძირკველი და ეროვნული ყოფა-ცხოვრების შემოქმედია.




