სოხუმის მარიონეტული რეჟიმი, ოფიციალურ თბილისს, ძალის არგამოყენების შესახებ, ხელშეკრულების ახალ პროექტს სთავაზობს, რომელსაც აფხაზური მხარე, ჟენევის დისკუსიების შემდგომ რაუნდზე წარადგენს.
სერგეი ბაღაფშის წარმომადგენლის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, ხელშეკრულების პროექტი ორი ნაწილისგან შედგება – დეკლარაციისგან ძალის არგამოყენების შესახებ და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებისგან.
ჩირიკბას ცნობით, თუ ქართული მხარე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, აფხაზები მზად არიან, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებლები დაუშვან.
“ეს არ იქნება სამშვიდობო ძალები. იქნება სადამკვირვებლო პოსტები – ჩვენი მხრიდან გაეროსი, ქართულ მხარეს კი, ევროკავშირის, რომლებიც დააფიქსირებენ სიტუაციას და თუ რაიმე ესკალაცია მოხდა, შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ”, - აღნიშნა ჩირიკბამ.
მისი თქმით, აფხაზურ მხარეს არაფერი აქვს საწინააღმდეგო გაეროს მცირე მისიისა, რომელიც სოხუმსა და თბილისს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს და პარალელურად, კონტაქტი რუსულ მხარესთანაც ექნება.



