უკრაინაში „სეკონდ–ჰენდის“ იმპორტის აკრძალვა იგეგმება. ამ გზით ხელისუფლება ქვეყნის მსუბუქი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს._ იტყობინება კორრესპონდენტ.ნეტ .
მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის მეთაურის მიხაილ ბროდსკის განცხადებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ერთ ადამიანზე ორი კილო ნახმარი ტანისამოსი შემოდის, ხოლო მისი აკრძალვის შემთხვევაში უკრაინაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ტანსაცმლის წარმოებაც განვითარდება.
პარალელურად მინისტრთა კაბინეტი მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესებაზე მორატორიუმის ინიციატივით გამოდის. მორატორიუმი 2 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
თუმცა ექსპერტების ნაწილი „სეკონდ ჰენდის“ აკრძალვასა და სამამულო წარმოების განვითარებას შორის კავშირს ვერ ხედავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მეორადი ტანსაცმლის სეგმენტს დაბალხარისხიანი ჩინური საქონელი დაიკავებს. სპეციალისტები კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ.



