დაღესტანის დასახლებულ პუნქტ ბუინაკსკში განლაგებულ “დალნის” სამხედრო პოლიგონზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების 136-ე მოტომსროლელი ბრიგადა არის დისლოცირებული, ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 39 კი, დაიჭრა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული წყაროების ცნობით, ტროტილით დატვირთულმა გაზ-66 მარკის ავტომობილმა, რომელსაც ტერორისტი-თვითმკვლელი მართავდა, “დალნის” ცენტრში შეღწევა სცადა. მას ობიექტის დაცვამ ცეცხლი გაუხსნა, მანქანამ მართვა დაკარგა და სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. აფეთქების შედეგად, რომლის სიმძლავრე 100 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო, ხუთი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა. რუსი სამხედროების მტკიცებით, ტროტილით დატვირთულ ავტომანქანას “დალნის” ცენტრში რომ შეეღწია, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.
აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ბრიგადა, რომელთა ესკორტიც, გირეი-ავლაკთან ააფეთქეს. მეორე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე სამხედრო ობიექტების დაცვის გაძლიერება დაავალა.
სამართალდამცავებს თავს ნალჩიკშიც დაესხნენ. უცნობმა პირებმა ერთი მილიციელი მოკლეს.





