ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ დუგლასი პირველად მას შემდეგ, რაც მისი დაავადების (ხორხის სიმსივნე) შესახებ გახდა ცნობილი, ამერიკის საღამოს ტოკ-შოუს პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და საკუთარი გამოჯანმრთელების შანსების შესახებ ისაუბრა.
65 წლის მსახიობმა მაყურებელს უამბო, რომ ქიმიოთერაპიის რვაკვირიანი კურსის შემდეგ, მიუხედავად სიმსივნის მეოთხე სტადიისა, გამოჯანმრთელების შანსები ძალიან დიდია. მსახიობი დაავადებას არ ნებდა და მალე გამოჯანმრთელების იმედი აქვს.
“არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ამ დროისთვის ექიმები დაავადებასთან ბრძოლაში წარმატების 80%-ზე საუბრობენ. განსაზღვრული რეჟიმითა და საავადმყოფოში მკურნალობის წყალობით სიტუაცია უნდა გამოსწორდეს”, _ განაცხადა მსახიობმა.
მაიკლ დუგლასის განმარტებით, სიმსივნე სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარებამ გამოიწვია.
მიმდინარე წლის დასაწყისში დუგლასმა აღნიშნა, რომ ყელში უსიამო შეგრეძნება ჰქონდა. უფრო მოგვიანებით მას უკვე საუბარი და საჭმლის ყლაპვაც გაუჭირდა. ექიმებმა ხორხის სიმსივნე დაუდგინეს.



