საქართველოში დარეგისტრირებული და ევროკავშირის ქვეყნებში დაცული ქართული ღვინოების შესახებ სპეციალური ბიულეტინი გამოიცა.
ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია `საქპატენტში ეტაპობრივად მას შემდეგ განხორციელდა, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი კანონმდებლობა (,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები).
18 დასახელების ღვინის რეგისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და ამ დასახელებების ღვინოების ფალსიფიცირების ფაქტების აღკვეთას. თითოეული მათგანი განსაკუთრებული მახასიათებლებით, მაღალი ხარისხითა და რეპუტაციით გამოირჩევა.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ინგლისურ ენაზე გამოცემულ ,,სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის” სპეციალურ გამოშვებაში – APPELLATIONS OF ORIGIN OF GEORGIAN WINE– შესულია რეგისტრირებული ქართული ღვინოების ადგილწარმოშობის ზონების დახასიათება, გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ნიადაგის დახასიათება, აგრო-ტექნიკური რეგლამენტები, ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება და მეცნიერულად დასაბუთებული სხვა მონაცემები.
ბიულეტენი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ყველა საელჩოში დაიგზავნება. მისი გამოცემის ერთ-ერთი დანიშნულება, მოსახლეობის ინფორმირების გარდა, ისიც არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის გაყალბების ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
საქპატენტის მიერ გამოცემული ბიულეტენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უცხოელი ექსპერტები პირველად 6-10 სექტემბერს იალტაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაეცნობიან, რომლის მუშაობაში საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.
ბიულეტენი უახლოეს მომავალში ქართულ ენაზეც გამოიცემა.



