
მინსკში, 31 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ფედერაციის საელჩოზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მინსკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოს პრეს–სამსახურის უფროსზე ალექსანდრ ლასტოვსკიზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ იუწყება.
საიტ „ ბელორუსსკი პარტიზანის“ მონაცემებით, ეს ადამიანები ჯერ კიდევ 3 სექტემბერს დააკავეს. „ლენტა.რუს“ თანახმად, თავიდან დააკავეს 7 ადამიანი. მათგან ერთ ერთი მოგვიანებით გაათავისუფლეს. გამოცემა იუწყება, რომ ექვსივე დაკავებული ამჟამად დაპატიმრებულია.
„ბელორუსსკი პარტიზანი“ საქმის ფიგურანტებს ანარქისტებს უწოდებს. გამოცემის მონაცემებით, ბინაში, რომელიც დაკავებულებს ჰქონდათ დაქირავებული, ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც მილიციელებმა 5 კომპიუტერი, ორი ნოუთბუკი, მობილური ტელეფონები, ფული, აფიშები და ჟურნალები ამოიღეს.
გამოცემისთვის ასევე ცნობილია დაკავებულთა გვარები. ისინი არიან– იგორ ისტოზაროვი, ვალერია ხოტინა, სერგეი სლიუსარევი, ნიკოლაი დზედოკი, ალექსეი ჟინგეროვსკი და ალექსანდრე ფრანცკევიჩი.
ის, რომ მინსკში რუსეთის ფედერაციის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ანარქისტები იყვნენ ეჭვმიტანილი, ჯერ კიდევ 2 სექტემბერს იყო ცნობილი, როცა ინერნეტში ანარქისტების სახელით განცხადება გამოქვეყნდა თავდასხმაზე პასუხისმგებლობის აღების თაობაზე. განცხადების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ „ისინი მოქმედებდენენ პოდმოსკოვიეში ხიმკის ტყის დამცველთა სოლიდარობის ნიშნად.“–წერს „ლენტა.რუ“




