პროკლემლისტურმა გამოცემამ “კომსომოლსკაია პრავდა”, აფხაზეთის “საბინაო საკითხს” ვრცელი სტატია მიუძღვნა და აფხაზური მხარე რუსეთის მოქალაქეების შევიწროებაში დაადანაშაულა.
კერძოდ, გაზეთის მტკიცებით, აფხაზები რუსეთის მოქალაქეებს სხვადასხვა მაქინაციებით ბინებს ართმევენ და მათ აფხაზეთიდან აძევებენ. “კომსომოლსკაია პრავდამ” გამოაქვეყნა რუსეთის ე.წ. ელჩის, სემიონ გრიგორიევის წერილი, რომელიც მან სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს, სერგეი ბაღაფშს მისწერა.
“რუსული მხარე გაგებით ეკიდება იმას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, აფხაზური ეთნოსის შენარჩუნების მიზნით, იძულებული იყო მოსახლეობის ქონებრივი ინტერესის დაცვის მიზნით, რიგი კანონები მიეღო. ამავე დროს, ამ კანონებით დაუმსახურებლად დაზარალდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც საცხოვრებელი დატოვეს... გარდა ამისა, არსებობს რუსეთის მოქალაქეების მომართვა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მათ მიმართ ხორციელდება მცდელობები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის ქონებრივი უფლებების ჩამორთმევას, ზოგიერთ მათგანზე, რესპუბლიკიდან გაძევების მიზნით, აშკარა ზეწოლა ხორციელდება...ზოგიერთი განმცხადებელი მიუთითებს, რომ მათი უფლებების დარღვევა, საცხოვრებელი სახლების ახალი მფლობელებისა და სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, ღია რუსოფობიით გამოიხატება”, - აღნიშნავს გრიგორიევი.
ასევე, გაზეთი აქვეყნებს განცხადებას, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებმა რუსებმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მისწერეს.
“რატომ აქვთ აფხაზებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, დაუსჯელად ძარცვის, მკვლელობის, სხვისი საკუთრების მითვისების, ფალსიფიკაციისა და თაღლითობის უფლება? აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენი საცხოვრებელი მიითვისეს, პასუხს არ აგებენ, არც როგორც აფხაზეთისა და არც როგორც რუსეთის მოქალაქეები. რუსეთი აფხაზეთს ჩვენი შვილებისა და ბავშვების სიცოცხლის ფასად იცავს და ვინ დაგვიცავს ჩვენ, რუსებს და რუსულენოვნებს? ჩვენ, რუსეთს, მათი აღიარება, დაცვა და უზარმაზარი თანხების გამოყოფა შეგვიძლია და ნუთუ არ შეგვიძლია, რომ შევაჩეროთ ის განუკითხაობა, რომელიც რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება?” – აღნიშნულია მიმართვაში.



