საზოგადოებრივი მოძრაობის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ინიციატივით, ოპოზიციური სპექტრთან ქვეყანაში არსებული ვითარების და ხელისუფლების შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კონსულტაციები დაიწყო.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა დღეს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებთან გამართეს და მათ მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული ინიციატივა მოისმინეს.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ოპოზიციაში პოლიტიკური კონსოლიდაციისათვის სამოქალაქო საზოგადოების მზადრაჭერა უმნიშვნელოვანესია. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დაწყებისათვის სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს, ხოლო „ეროვნული ფორუმის“ კონკრეტული ინიციატივები საზოგადოებამ არ უნდა აღიქვას, როგორც დოგმა და ერთადერთი შესაძლებლობა. „მისასალმებელია, რომ დღეს საზოგადოება თავისი პოზიციით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე დისკუსიას ხსნის. შეიძლება საარჩევნო გარემოს თემა ბევრისთვის დღეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენთვის საარჩევნო გარემო ნიშნავს ინსტრუმენტს, რომლითაც პოლიტიკურ ველზე მყოფ პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელისუფლება შეცვალონ. მართალია, ხელისუფლების შეცვლის შესახებ მოსაზრებები არაერთგვაროვანია, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოება მხარდაჭერას გამოუცხადებს იდეას, რომელიც შექმნილ რეალობაში სწორი პოზიცია იქნება. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ხელისუფლებაც მარტივ თემაში დავიჭირეთ, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ტარდება და ამომრჩეველთა სია გაყალბებულია. საზოგადოება ხელისუფლებისაგან ელოდება ორ პასუხს, თანხმდება თუ არა მთავრობა ცვლილებებს. ჩვენ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხზე მობილიზებულები ვართ“, _ განაცხადა კახა შარტავამ.
როგორც „მედიანიუსს“ შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „გადაარჩინე სიცოცხლე“ წარმომადგენელმა იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციები ორი კვირის ვადაში გაგრძელდება. მათ შორის შეხვედრებია დაგეგმილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
იურის ვაზაგაშვილის თქმითვე, პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ სამოქალაქო სექტორი საზოგადოებას დასკვნას წარუდგენს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა და რომელ პოლიტიკურ ძალას გააჩნია საამისოდ ზუსტი პოზიციები.
არასამთავრობო ორგანიზაციები მომდევნო შეხვედრას `დემოკრატიული „მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ლიდერებთან გამართავენ. შეხვედრას 9 სექტემბერს 17.00. საათზე საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ გამართავენ.



