
პარტია “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანიძის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მზაობასთან დაკავშირებით.
“ამ ფონზე, ყოვლად გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია: ერთის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას აღნიშნავს, რომ ქართული მხარე მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის და მეორეს მხრივ, იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გამორიცხულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული საელჩოების არსებობის პირობებში.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელი პირების განცხადებები არის რეალური შანსი, დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იმხელმძღვანელონ არა ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებით - რუსეთთან დიალოგით არ გაანაწყენონ დასავლეთში პირადი ლობისტები, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებით, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იყოს ადექვატური შექმნილი რეალობის შეფასებისას და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი რუსულ მხარესთან პრობლემატურ საკითხებზე, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა, უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი და არა დიალოგის წინაპირობა.”-აცხადებს თენგიზ ომანიძე.
„თავისუფალი საქართველო“ რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა: რუსულმა მხარემ მოხსნა ყოველგვარი შეზღუდა ქართულ ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რომლის მიზანიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია იქნება.



