გია ხუხაშვილი: საპრივატიზაციო ხელშეკრულებების დამალვით სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გასხვისების დამალვა სურთ
(2010, 5 მაისი 11:48)
My Title

ეკონომიკის  ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, 2005 წლიდან 2008 წლამდე გასხვისებული მსხვილი ობიექტების საპრივატიზებო ხელშეკრულებებს ხელისუფლება იმიტომ ასაიდუმლოებს, რომ  საზოგადოებამ  ამ ობიექტების რეალური  მფლობელების ვინაობა არ შეიტყოს.

როგორც „მედიანიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, მფლობელები, სავარაუდოდ, რუსები  არიან, რომლებიც კრემლის ფულით მუშაობენ და საქართველოში ძალიან ბევრ სტრატეგიულ ობიექტს სწორედ რუსეთი აკონტროლებს.

„ხელშეკრულებების დამალვით იმ კორუფციული გარიგებების დამალვა სურთ, რომელიც ქართველ და რუს ჩინოვნიკებს შორის შედგა. გასხვისდა  „თბილისის წყალი“, „მცხეთა წყალი“, „რუსთავკანალი“, „ვარციხე“, „მადნეული“ და „კვარციტი“. გაიყიდა  უმსხვილესი ობიექტები, რამაც ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად შეარყია. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტების ხელახალი ნაციონალიზაცია, დეპრივატიზაცია შესაძლებელია. უკუ პროცესი უნდა დაიწყოს და ეს ობიექტები უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილი, სამართლებრივი პროცესია და უკანონობაში არ უნდა გადავიდეს. ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს“, _ განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ „2005-2008 წლებში მსხვილი ობიექტების  საპრივატიზაციო პროცესის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ამ ობიექტების საპრივატიზაციო ხელშეკრულებები კანონის თანახმად გამჭვირვალე უნდა იყოს, თუმცა  გასაიდუმლოებულია. რის გამოც გამოითქვა  ვარაუდი, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტების გასაიდუმლოებით  გარკვეული კორუფციული გარიგებების კვალის დაფარვას ცდილობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივამ“  სასამართლოში რამდენიმე საქმეც კი აღძრა.