
დღეიდან ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის პირს 200 ლარით დააჯარიმებენ. თუ ამავე მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა შენობის ან|და ადამიანის სხეულის მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, მძღოლს მართვის უფლება 3 წლით ჩამოერთმევა. ამასთან, თუ პირი ნარკოტიკების მოხმარებაზე ან სიმთვრალეზე შემოწმებას თავს აარიდებს, მას მართვის უფლების ჩამორთმევა ასევე 3 წლით მოუწევს.
იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი პოლიციელის მოთხოვნაზე ავტომანქანას არ გააჩერებს ან\და შემთხვევის ადგილს მიატოვებს, მას ან 300 ლარით დააჯარიმებენ, ან მართვის მოწმობას 1 წლით ჩამოართმევენ.
ჯარიმა იზრდება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის და 40 ლარი ხდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები ჯარიმების გამკაცრებას სხვა სამართალდარღვევებზეც ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე პლენარულ სხდომათა ფორმატში დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მაშინ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ეს საკითხი ღირსეულად გაეშუქებინათ, რადგან ავტოსაგზაო სამართალდარღევებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა შემაშფოთებელია.