
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა პატარა კერების ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დროისათვისაც განაგრძობენ. სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად დაახლოებით 10-12 ჰექტარი ფართობია დამწვარი.
„ბორჯომის ხეობაში ხანძრის შესახებ შეტყობინება გუშინ 13.00. საათისთვის მივიღეთ. ცეცხლი თავდაპირველად ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის თავზე გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მოახერხეს მისი დროულად ლოკალიზება და მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. ბორჯომის ხეობაში მუშაობენ, როგორც ქვეითი ძალები, ასევე სახანძრო მანქანები და ავიაცია. სულ სამი ვერტმფრენია, იმედი მაქვს, რომ დღეს უკვე ხანძრის მთლიანი ლიკვიდაცია მოხდება“, _ აღნიშნა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.